• ქართული
  • English
  • Currency

ოთახის ყვავილების მოვლა

ოთახის ყვავილები გაზაფხულზე სასურველი ტემპერატურის (20-25 გრადუსი) სტაბილურად დადგომისას, ვისაც საშუალება გვაქვს, ეზოსა და ღია აივნებზე გამოგვაქვს. გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში, ქოთნის მცენარეებში აქტიური ფიზიოლოგიური პროცესები მიმდინარეობს _ ვეგეტაცია ძლიერდება. მათი დიდი ნაწილი ყვავილობს, ამიტომ დიდი ბიონერგია სჭირდებათ. ამ პერიოდისთვის არ უნდა მოვაკლოთ საკვები და წყალი.

შემოდგომის დადგომიდან ზამთრისკენ ფიზიოლოგიური პროცესები ნელდება, ამიტომ დამატებითი კვება უნდა შევწყვიტოთ, რადგან ის ახალი ნაყარის მასიურ წარმოშობას გამოიწვევს, მათი ყინვაგამძლეობა კი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ზრდასრული ყლორტებისა.

ოქტომბრის ბოლოსთვის ქოთნის მცენარეები სახლში უნდა შევიტანოთ. ვეცადოთ, რომ მიწა მშრალი იყოს, სველი მიწის შეყოლისას შეიძლება, განვითარდეს ლპობის გამომწვევი სოკოები და ფესვი დალპეს.

თუ მცენარე ძლიერ გაიზარდა და ქოთანი არ არის შესაბამისი სიდიდეს ან სხვა რაიმე მიზეზის გამო გსურთ, ახალ ქოთანში მცენარის გადარგვა, ეცადეთ, ძველი ქოთნიდან მიწით ამოიღოთ ისე, რომ ფესვთა სისტემას მიწა მთლიანად არ მოაცილოთ და ჩარგეთ სასურველ ქოთანში.

ზამთრის პერიოდში მცენარეები, რომლებიც სინათლის მოყვარულია, ეცადეთ, მოათავსოთ უფრო განათებულ ადგილზე.

მორწყვის რეჟიმი უნდა შეიცვალოს და ჯერადობა გაცილებით შემცირდეს, ვიდრე გაზაფხულსა და ზაფხულში, რაც, ძირითადად, უნდა ვარეგულიროთ ქოთანში მიწის გამოშრობის მიხედვით.

მცენარეები, რომელთაც უყვართ წყალი, უფრო მეტად უნდა მოვრწყოთ, მაგრამ მიწა ძალიან არ უნდა დავასველოთ. ის ქოთნის ყვავილები, რომლებიც ცივ ოთახში დგას, ნაკლებად უნდა მოირწყოს, დაახლოებით ისეთი ინტენსივობით, რომ მიწა არ გაუხმეს ქოთანში _ ისეთი მცენარეები, როგორიც ოთახის იები და ბეგონიაა, არ შეიძლება იდგეს ისეთ ოთახში, რომელიც არ თბება. კაქტუსს, რომელიც თბილ ოთახშია, შეიძლება თვეში ორჯერ ან სამჯერ დაუსხათ წყალი, ხოლო გაუმთბარში საერთოდ არ ვუსხამთ წყალს.

კომენტარები